11 ოქტომბერს Helio.AI-მ აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტის InMerge-ის სტარტაპების კონკურსში გაიმარჯვა. Startup Competition-ში 25 ქვეყნიდან წარმოდგენილი კომპანიები მონაწილეობდნენ. Pitch ჰელიოს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, იაკო ჯიქიამ წარადგინა.
რა არის ჰელიო?
Helio.AI ქართული სტარტაპია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია დაფუძნდა და თავისი ინოვაციური პროდუქტის საშუალებით უკვე რამდენიმე დიდ წარმატებასაც მიაღწია. ჰელიო ავითარებს რეკრუტინგის შიდა სოფტს, რომელიც დამსაქმებელს ეხმარება რეკრუტინგის მთელი ციკლის ერთ სივრცეში გაერთიანებასა და პროცესის გამარტივებაში. ჰელიოს პლატფორმა აერთიანებს რეკრუტინგის ყველა ეტაპს და მის ავტომატიზაციასაც უზრუნველყოფს. ჰელიოს უკვე ჰყავს 100-ზე მეტი კლიენტი კომპანია და GITA-ს საგრანტო კონკურსის და 500 Eurasia-ს აქსელერატორის გამარჯვებულიცაა.
რატომ შეიქმნა ჰელიო?
ჰელიოს ოთხი თანადამფუძნებელი ჰყავს (იაკო ჯიქია, ნინი მოსიაშვილი, სულხან სახვაძე და ნათია ქუხილავა) და სტარტაპის შექმნის ინსპირაციაც მათ პირად გამოცდილებას და იმ გამოწვევებს უკავშირდება, რომელსაც ისინი რეკრუტინგის პროცესში აწყდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი SAAS პროგრამა არსებობს, რომელიც დამსაქმებლებს აპლიკანტების ბაზის შექმნასა და მართვაში ეხმარება, Helio-მდე არ არსებობდა სოფტი, რომელიც ქართულ ენაზე გაწვრთნილ AI სისტემას გამოიყენებდა და ხარისხიანად შეძლებდა აპლიკანტების რეზიუმეების გადახარისხებას. ჰელიოს მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ლოკალურ, მათ შორის ე.წ. პატარა ენებზეც მუშაობს - რა თქმა უნდა, ქართულადაც.
რას აკეთებს ჰელიო?
სტარტაპის მიზანი რეკრუტერების ყოველდღიურობის გამარტივებაა, რათა შერჩევის პროცესის ავტომატიზაციის ხარჯზე გამოთავისუფლდეს მათი დრო სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, ვიდრე რუტინული სამუშაოს ხელით შესრულებაა. Helio.AI მომხმარებელს სთავაზობს ერთ სისტემაში მოთავსებულ ჯაჭვურ პროცესს, რომლის რგოლებიც მანამდე სხვადასხვაგან იყო განაწილებული.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი მოსიაშვილი ასე აღწერს სოფტის გამოყენების პროცესს:
„ჰელიო შეგიძლიათ გამოიყენოთ რეკრუტინგის მთელი პროცესის სამართავად. პროგრამაშივე შეგიძლია შექმნა ვაკანსია, ჰელიოდანვე გააზიარო დასაქმების საიტებთან, უნივერსიტეტებთან და აქვე მიიღებ რეზიუმეებს. პლატფორმა გახვედრებს უკვე გამზადებულ ბაზას და პირველადი სქრინინგით დაგილაგებს შესაბამისობის მიხედვით კანდიდატებს. ასევე, შენი სურვილით შეგიძლია გემიფიკაციის ჩართვა და ფიდბექის დაბრუნებაც. იქვე ნახულობ რეპორტინგს, ანალიტიკას და ექსელში აღარ გჭირდება მუშაობა. ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.“
ჰელიო თავად განათავსებს ვაკანსიას დასაქმების საიტებზე, რომლებთანაც კომპანია ყველა პარტნიორ ქვეყანაში თანამშრომლობს. ვაკანსიები ეგზავნებათ უნივერსიტეტებსაც. რეზიუმეების შეგროვება და ბაზის აწყობა, რაც ზოგადად ყველაზე დიდ დროს ართმევს დამსაქმებელს, ასევე ავტომატურად ხდება.
ითამაშე და დასაქმდი - გემიფიკაცია სწორი კანდიდატების შესარჩევად
ამ ფუნქციონალთან ერთად, ჰელიომ ახალი - ნეირომეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული გემიფიკაციის ფუნქციონალიც შექმნა. სიტუაციური თამაში რეკრუტერებს კომპანიის კულტურასთან და ღირებულებებთან მაქსიმალურად შესაბამისი კანდიდატურის აღმოჩენაში ეხმარება.
დამფუძნებლები თვლიან, რომ ადამიანები მხოლოდ რეზიუმეთი არ უნდა ფასდებოდნენ და რეკრუტერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მეტი გაიგონ აპლიკანტებზე ნაკლებ დროში.
ამიტომაც, სიტუაციურ თამაშში აპლიკანტები სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ და ასე ხდება მათი რბილი უნარების (Soft Skills) გამოვლენა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა და სიტუაციურ თამაშებს იყენებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები, მაგალითად McKinsey და Bain. თამაშის მორგება კონკრეტული დამსაქმებლის და პოზიციის თავისებურებებზეც შეიძლება. ჰელიოს ამ პროდუქტის გარეშე რეკრუტერებს საჭირო უნარებისა თუ თვისებების აღმოსაჩენად პირადი ინტერვიუების ჩატარება დაჭირდებოდა. ბევრი კანდიდატისთვის კი ეს კვირებს თუ არა, რამდენიმე დატვირთულ დღეს მაინც მოითხოვს.
ვისთვის არის ჰელიო?
დამფუძნებლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ პროდუქტით ძირითადად საცალო სექტორი ისარგებლებდა. მაგრამ პროდუქტი ძალიან მალე მოირგეს კომპანიებმა თითქმის ყველა ინდუსტრიიდან - დღეს ჰელიოს ჰყავს მომხმარებლები არამხოლოდ საცალო, არამედ ფინანსური, სადაზღვევო, ჰორეკა და ფარმაცევტული სექტორებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომისაა კომპანია, რამდენი თანამშრომელი ან ვაკანსია აქვს - პროცესების ერთ სივრცეში გადმოტანა და ავტომატიზაცია ყველასთვის მომგებიანია.
პროდუქტის გამოყენებისთვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ინტეგრაცია. ნინი გვიყვება, რომ თუ გადაწყვეტთ მის გამოყენებას, დღესვე შეძლებთ მასთან ადაპტირებას. ჰელიოსთან “დამშვიდობებაც” მარტივია, მაგრამ ასეთი გამოცდილება კომპანიას ჯერ არ ჰოქნია.
ასისტენტი და მეგობარი - რას ამბობენ ჰელიოზე
Helio.AI–ს კლიენტები სოფტს უკვე მოიხსენიებენ, როგორც ასისტენტს და მეგობარს, რადგან ის 3-ჯერ აჩქარებს და ამარტივებს რეკრუტინგის პროცესს.
„განცდა მაქვს, რომ ჰელიოს ვიყენებ მთელი ცხოვრებაა. ყველაზე კომფორტული არის ის რომ ყველა პროცესი არის ერთ სივრცეში თავმოყრილი. განსაკუთრებული და გამორჩეული ფუნქციონალი არის თამაში, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა არსებული თანამშრომლებისთვისაც. ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც გვეხმარება კანდიდატების უკეთ გაცნობაში და შეფასებაში.“ – ბიოგრაფი ლივინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ანი გოგიშვილი
„ჰელიომ მომცა შესაძლებლობა გამომარტივებინა პროცესები, რომლის დროში ეფექტურად მართვაც პირდაპირ არის დაკავშირებული შერჩევისა და მოძიების წარმატებით დასრულებასთან. ჰელიოში ყველაზე კომფორტულია, რომ მაქვს აპლიკანტებთან სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის შესაძლელბობა, შემიძლია დავუბრუნო უკუკავშირი, გავუზიარო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე რიცხვებში გავზომო და გავაანალიზო მნიშვნელოვანი პროცესები.“ - პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის კოორდინატორი, GMT Hospitality
და AI უსაფრთხოა, ხომ არ ჩაგვანაცვლებს?
ტექნიკურად პროდუქტის უზრუნველყოფას - პროგრამის გაწვრთნას, განახლებას და მონაცემთა უსაფრთხოებას გუნდი თავად ხელმძღვანელობს. განახლება ხდება 2 კვირაში ერთხელ, ამიტომ მხარდაჭერის გუნდი მომხმარებლის კითხვებზე საპასუხოდ მუშაობს 24/7 რეჟიმში. რაც შეეხება მონაცემების დაცვას, ყველა ინფორმაცია ამაზონის სერვერზე ინახება, ამიტომ, როგორც ნინი ამბობს „ჩვენც და მომხმარებელსაც ღამე მშვიდად გვძინავს“.
ჰელიოს გუნდი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მორალურ დილემებთან დაკავშირებითაც საუბრობს:
„ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ AI-ს გამოყენება, რათა გაიმარტივონ ცხოვრება და ეს უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში. ჩვენი მისიაა ისე შემოვიტანოთ ის ბაზარზე, რომ ადამიანების დასახმარებლად იყოს მომართული. ახლა საუკეთესო შანსია პირველებმა დავიწყოთ და სხვებს ვაჯობოთ. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პროგრამები შეგვიძლია გავხადოთ ჩვენზე მორგებული და მეტად პერსონალიზებული. ის ადამიანის შექმნილია, ადამიანი ავითარებს და იყენებს სათავისოდ, ამიტომ თავად გვაქვს მისი დარეგულირების ძალაუფლებაც. ერთი ნაბიჯით წინ ხარ, როდესაც ზოგავ დროს.“
დღეს ჰელიო როგორც ქართულ და უზბეკურ ბაზარზე ოპერირებს. აზერბაიჯანში გაფართოების გეგმებს კი InMerge-ში გამარჯვება დაეხმარა. ჰელიოს აქვს შესაძლებლობა, რომ რეკრუტინგის პროცესი შეცვალოს არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ გლობალურ დონეზე, ამიტომ, დამფუძნებლები ევროპის ბაზარზე გასვლას ახლო მომავალში გეგმავენ.